Live Cameras
16/08/2019
2023 - მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება
2023 წლის თავისუფალი სტილითა და სნოუბორდით სრიალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება. მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ განახორციელებს, რომელსაც დღესდღეობით საქართველოში 23 ინსტალაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის 19 სამთო-სათხილამურო კურორტებზე. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გააფორმა.
საბაგიროების მშენებლობა და ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის.
ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო, „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალური დირექტორი ვალერი იაშინი და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე მონაწილეობდნენ.
2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამური ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა FIS-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე, განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. მსგავსი საერთაშორისო დონის მასშტაბური ღონისძიება კურორტ ბაკურიანს მსოფლიო სპორტულ რუკაზე მონიშნავს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობასა და ვიზიტორების რიცხვს.
 
უკან